√ ჰორმონული აქტივობის მატება;
√ საშოს ლორწოვანში განვითარებული ინფექციური პროცესი;
√ საშოს ლორწოვანის არაინფექციური გაღიზიანება;
√ ცერვიკალური ეროზია (საშვილოსნოს ყელის ეროზია).
ახლა კი განვიხილოთ თითოეული სიღრმისეულად:
ჰორმონული აქტივობის მატება
ორსულობის დროს ქალებში ხშირად აღინიშნება პროცესი, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც საშოს „განტვირთვა-ს“ და ის გამოიხატება გამონადენის გამოჩენით/გაძლიერებით. ეს სავსებით ნორმალური ფიზიოლოგიური მოვლენაა, რომელსაც საფუძვლად ძირითადად უდევს ჰორმონული აქტივობის მატება.
ამ დროს გამონადენი მოთეთრო, ლორწოვანია და არავითარ შემთხვევაში არ ახასიათებს მკვეთრი სუნი.
ასეთი ტიპის გამონადენს მკურნალობა არ სჭირდება, გამონადენისგან შექმნილი დისკომფორტის დასაძლევად შესაძლოა გამოყენებულ იქნას ანტისეპტიკური ყოველდღიური საფენები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტამპონების ხმარება და გამორეცხვების ჩატარება.
ინფექციური პროცესი
ორსულობის დროს განვითარებული ორი ყველაზე ხშირი ინფექციური პროცესია:
სოკოვანი ინფექცია ე.წ. კანდიდოზი (რძიანა) და ბაქტერიული ვაგინოზი.
გამონადენს ამ დროს გამორჩეულად ახასიათებს მკვეთრი სუნი და ის იწვევს გარეთა სასქესო ორგანოების გაღიზიანებას, რაც გამოიხატება ქავილის, წვის, შეშუპების სახით. „ეჭვმიტანილი“ ინფექციური პროცესი ხდება დადასტურებული მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდება საშოს ნაცხის ანალიზი და „გამოაშკარავდება“ კონკრეტული გამომწვევი.
კანდიდოზი
კანდიდოზს ძალიან დამახასიათებელი გამონადენი აქვს – თეთრი, ხაჭოსებრი, ლუდის სუნის მსგავსი. ეს ინფექცია ხშირად „ბუდობს“ ორგანიზმში, მაგრამ არააქტიურ მდგომარეობაშია, გარკვეულ ხელიშმეწყობ გარემო პირობებში კი, მათ შორის ორსულობის დროს, ის აქტიურდება და ვლინდება კლინიკურად.
მკურნალობის თვალსაზრისით ეს ინფექციური პროცესი საკმაოდ კარგად ემორჩილება სამკურნალწამლო საშუალებებს, მაგრამ ორსულობის დროს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება შეზღუდულია, ამიტომ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ხალხური, საოჯახო მეთოდები, როგორიცაა მაწონით დაფარული საფენების ხმარება. მაწონის მჟავე არე და იქ არსებული ლაქტობაქტერიები ქმნიან ადგილობრივად იმგვარ არეს, სადაც იღუპება ეს სპოროვანი ინფექცია. ასევე რეკომენდებულია კვების რაციონში შაქრის შეზღუდვაც, რადგან გლუკოზა განსაკუთრებით უწყობს ხელს ამ სპოროვანი ინფექციის გამრავლებას.
ანტიმიკოზური (სოკოს საწინააღმდეგო) ფარმაკოლოგიური საშუალებებიდან:
კლოტრიმაზოლი – არ არის ტესტირებული უვნებლობაზე ორსულ ქალებში, ამიტომ მისი გამოყენება არარეკომენდებულია;
ნისტატინი – არსებობს გამოცდილება ორსულებში მისი უსაფრთხო გამოყენების;
ფლუკონაზოლი – ჩატარებულია ტესტები ორსულ ცხოველებზე, მაგრამ მისი ადამიანებში უსაფრთხოების დადასტურება ჯერ არ მომხდარა, ამიტომ ნაყოფზე ტოქსიური გავლენის რისკის გამო არ გამოიყენება ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.
! არცერთი ანტიმიკოზური პრეპარატი არ შეიძლება მიღებულ იქნას ორსულის მიერ თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე.
ბაქტერიული ვაგინოზი
ეს ინფექციური პროცესი დაკავშირებულია საშოში არსებული მიკროფლორის ბალანსის დარღვევასთან და ხასიათდება უხვი, წყლისებური გამონადენით, რომელსაც აქვს მკვეთრი სუნი.
ინფექციური პროცესის სიმწვავიდან გამომდინარე გინეკოლოგი წყვეტს შედარებით უვნებელი, ორსულობის დროს დანიშვნადი ანტიბიოტიკის გამოყენების საკითხს, თუმცა ანტიბიოტიკოთერაპიის ნაყოფზე ტოქსიური ეფექტების რისკებიდან გამომდინარე, ეს უკიდურესი გადაწყვეტილებაა.
სხვა ინფექციები
ტრიქომონიაზი – სქესობრივი კავშირის დროს გადადის პარტნიორზე, ახასიათებს მომწვანო-მოყვითალო გამონადენი ძალიან მკვეთრი სუნით. ინფექცია იკურნება მხოლოდ ანტიბიოტიკოთერაპიით.
ქლამიდიოზი – ესეც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, ახასიათებს გამონადენი სისხლის მინარევებით, მკვეთრი წვის შეგრძნება.
არაინფექციური ანთებითი პროცესი
არაინფექციური ვაგინიტი უკავშირდება ჰიგიენური პროცედურების დარღვევას და საცვლებზე და ჰიგიენურ საშუალებებზე ალერგიული ტიპის რეაქციების განვითარებას. ხშირად ის ვითარდება არომატიზირებული საპნის, ხელოვნური თეთრეულის, კოლგოტკების (რომლებიც ზრდიან ოფლიანობას) ხმარებისას, ასევე შესაძლოა განვითარდეს მომატებული სექსუალური აქტივობის დროს.
ამ დროს გამონადენი ჩნდება პერიოდულად, მცირე უფეროდან დაწყებული უხვ-წყლისებურამდე, თუ არ დაერთვება თან ინფექციური პროცესი, მას არ ახასიათებს მკვეთრი სუნი.
მისი საპროფილაქტიკო ღონისძიებებია:
ბუნებრივი, ბამბის თეთრეულის ხმარება;
აქტიური ჰიგიენური ღონისძიებები (დღეში მინიმუმ ორჯერ ქვედა სასქესო გზების ჩაბანა);
ძალიან მოტკეცილი ქვედა ტანსაცლის ხმარებისგან თავის შეკავება
სურნელოვანი, სპირტის შემცველი ჰიგიენური საშუალებებისაგან თავის შეკავება.
ცერვიკალური ეროზია
საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსი ორსულობის დროს განსაკუთრებით გასქელებულია და გამოყოფილი ბლანტი ლორწო წარმოქმნის „საცობს“, რათა დაცულ იქნას საშვილოსნო და ნაყოფი ე.წ. „აღმავალი“ ინფექციებისგან.
თუ ანთებითი კერა ლოკალიზდება საშვილოსნოს ყელის არეში, ჩამოიფცქვნება რა საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი ნაფლეთების სახით, ჩნდება ლორწოვანზე ეროზიული კერები, საიდანაც შესაძლოა სისხლძარღვების გახლეჩის გამო მცირე სისხლდენა განვითარდეს.
ამიტომ ცერვიკალურ ეროზიას ახასიათებს ლორწოვანი, შესქელებული გამონადენი სისხლის მცირე შენარევით. ლორწოვანის ჩამოფცქვნა ძლიერდება მშობიარობის მოახლოვებასთან ერთად, რაც ამ დროს ყელის მოდუნებას და გახსნის პროცესის დაწყებას უკავშირდება.
გინეკოლოგიური პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში, ექიმთან ვიზიტზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე: +995 574 10 49 40
სტატია მოამზადა: გვანცა ჯვარიძემ