ორსულობის მეორე ტრიმესტრი

0
4930

ორსულობის მეორე ტრიმესტრად ითვლება მე-14 კვირიდან 27-ე კვირამდე პერიოდი, ანუ იგულისხმება IV, V, VI თვეები.

იმისთვის, რომ თქვენი ორსულობის ყველა ეტაპი იყოს საინტერესო, სასიამოვნო და მშვიდი საჭიროა გაეცნოთ ორსულობის 3-ვე ტრიმესტრის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. თეორიული ცოდნა დაგეხმარებათ წარმოდგენა შეგექმნათ იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე იჩენს თავს. მთავარია ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით იყოს კომპეტენტური და პროფესიონალი ექიმისგან გადმოცემული და არა (როგორც ყველა სტატიაში ავღნიშნავთ) მოყვარული ბლოგერის მიერ დაწერილი!

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ინტერვიუს ორსულობის II ტრიმესტრის შესახებ, რომელიც ჩავწერეთ საქართველოში წამყვანი რეპროდუქციული კლინიკის:https://www.facebook.com/reprodcenter/ „მანანა მგალობლიშვილის რეპროდუქციული ცენტრი“-ს ექიმ-გინეკოლოგთან ქ.ნ ქეთევან მგალობლიშვილთან.

 -მოგესალმებით ქ.ნ ქეთევან, რა ცვლილებებს უნდა ელოდოს მომავალი დედა ორსულობის II ტრიმესტრში I -სგან განსხვავებით?

მოგესალმებით, ეს ძალიან საინტერესო პერიოდია, ზუსტად მეორე ტრიმესტრიდან „რწმუნდებიან“ ქალები, რომ ორსულად არიან. უკვე უმრავლესობას ეტყობა მუცელი, ნელ-ნელა ქრება ის არასასიამოვნო სიმპტომები, რომელიც არის I ტრიმესტრის ტოქსიკოზის დროს და ყველაზე საინტერესო პერიოდია, როდესაც ქალები პირველად იგრძნობენ ნაყოფის მოძრაობას, თუ განმეორებითი ორსულია ან გამხდარი, მაშინ შეიძლება 16 კვირაზეც კი იგრძნოს დედამ ნაყოფის მოძრაობა. პირველი ორსულობის დროს კი 19-დან 22 კვირამდე გრძნობენ.

კიდევ ერთი სასიამოვნო მომენტია, ის რომ II ტრიმესტრში ხდება ექოსკოპიურად სქესის დადგენა. ამ პერიოდში უნდა მიექცეს ყურადღება პლაცენტის მდებარეობას და აგრეთვე საშვილოსნოს ყელის სიგრძეს.

– რომელი კვლევა უნდა ჩაიტაროს აუცილებლად ორსულმა II ტრიმესტრში?

აუცილებელია სისხლის, შარდის საერთო ანალიზი, ნაცხის ბაქტერიოსკოპია, შარდის ბაქტერიოლოგია, 24- დან 28- კვირამდე გათვალისწინებულია გესტაციური დიაბეტის სკრინინგი, თუ I ტრიმესტრში იყო ცვლილებები ფარისებრში, ჯირკვლის ჰორმონებში აუცილებელია გადამოწმება. თუ საჭიროა, ანუ ჩვენებაა მაშინ 16-17 კვირაზე ტარდება სისხლში სამმაგი ტესტი. საჭიროა თერაპევტის კონსულტაცია, თუ ორსული რეზუს უარყოფითია, რა თქმა უნდა ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში ყოველთვიურად. ასევე, ძალიან საჭირო და საინტერესოა ნაყოფის ექოზე გამოკვლევის ჩატარება…

– რა ცვლილებებს განიცდის ქალის ორგანიზმი ორსულობის II ტრიმესტრში?

ამ პერიოდში ორსული უჩივის: სისუსტეს, გახშირებულ შარდვას, შეკრულობას, ბოყინს, მუცლის შებერვას, პერიოდულად თავის ტკივილებს, თავბრუსხვევებს, კბილების გახეხვისას ღრძილებიდან უმნიშვნელო სისხლდენას, მადის დაქვეითებას, ზოგჯერ ოფლიანობას, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას და  წვივის კუნთების კრუნჩხვებს (ამას კრამპი ეწოდება) ეს დაკავშირებულია კალციუმის კლებასთან, ფოსფორის მომატებასთან. მუცელზე და სახეზე პიგმენტაციას, თეთრი ფერის მომატებულ გამონადენს საშოდან.

ამ პერიოდში იწყებს ნაყოფი მოძრაობას. საშვილოსნო იზრდება და მე-20 კვირისთვის მისი ფსკერი ჭიპის დონეზეა. ხდება იოგოვანი აპარატის გაწელვა. ძალიან სწრაფად იმატებენ წონაში. აღინიშნება შეშუპება, რომელიც სითხის შეკავებაზე მიუთითებს. ამ პერიოდში ეს სიმპტომები მიუთითებს ორსულის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ქალის ჰორმონის არსებობასთან, ასევე ლორწოვან გარსში სისხლის მიმოქცევის გაძლიერებასთან. ძალიან კარგია „C “ ვიტამინის მიღება, რის დროსაც მაგრდება სისხლძარღვთა კედლები.

თუ, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები მკვეთრად გამოხატულია, ორსულმა აუცილებლად უნდა მიმართოს მის მკურნალ ექიმს.

– როგორი უნდა იყოს II ტრიმესტრში ორსულის სრულფასოვანი კვება?

გამომდინარე იქიდან, რომ II ტრიმესტრში ნაყოფი ინტენსიურად იზრდება, პლაცენტაც აქტიურად ფუნქციონირებს, შინაგანი ორგანოები მაქსიმალურად იტვირთება, ამიტომ ორსულის კვების რაციონი უნდა იყოს მდიდარი ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით. სასურველია და სასარგებლოა: ფაფები ( განსაკუთრებით წიწიბურა, შვრია…), მწვანე ბოსტნეული (ბროკოლი, ისპანახი…), მსხვილად დაფქული ხორბლისგან გამომცხვარი პური, ხაჭო, ყველი, კეფირი, მაწონი, იოგურტი, ხბოს, საქონლის ხორცი, თევზი. ძალიან სასარგებლოა  და აუცილებელია სეზონური ხილი. სითხეები (წყალი, ჩაი, წვნიანები, ახლადგამოწურული წვენები) დღეში 2,5 ლ-მდე. არაა სასურველი ზედმეტად ცხიმიანი საკვები, კონსერვები, შებოლილი, მარილიანი პროდუქტები, ასევე ცხარე საკვები…

თუ ორსული არასრულფასოვნად იკვებება, მაშინ უნდა ჩავრთოთ ორსულთა პოლივიტამინების მიღება.

– როგორ პოზაში უნდა იძინოს ორსულმა და რა მნიშვნელობა აქვს მას?

ამ პერიოდში ორსულმა უკვე უნდა შეარჩიოს ძილისთვის პოზა, რომელიც მათთვის კომფორტული იქნება. II ტრიმესტრში ზურგზე უკვე უჭირთ ძილი. ყველაზე უკეთესი მარცხენა მხარეს წოლაა, რადგან სისხლის მიმოქცევა უკეთესია. თუმცა მარჯვენა გვერდზეც დასაშვებია ძილი, უბრალოდ უმჯობესია მარცხენა მხარე.

– როგორ გამოიყურება ნაყოფი II ტრიმესტრში?

ამ პერიოდში ნაყოფს უყალიბდება კუნთები და სახსრები. უფრო აქტიურად მოძრაობს. ხელის თითები და ფეხები ბოლომდეა ჩამოყალიბებული. ნერვული სისტემა უკვე განვითარებულია, შეუძლია ყლაპვა. მუცელში მოძრაობს თავისუფლად, აბრუნებს თავს, ამოძრავებს ტუჩებს, წოვს თითს.

პატარას უმუშავდება თირკმელები, მუშაობას იწყებენ ცხიმოვანი ჯირკვლებიც. სხეულს უფარავს ფაფუკი ღინღლი, რომელიც დაცულია სქელი საცხით. თავზე ამოსვლას იწყებს თმა. ჩნდება წარბები და წამწამები. ექოზე კარგად ჩანს ნაყოფის გულის კამერები. 21 კვირისთვის ტანი იღებს მომრგვალო ფორმას, თერმორეგულაცია უმჯობესდება, მაგრამ ბოლომდე არ ყალიბდება. ნაყოფის ენაზე დვრილები წარმოიქმნება (გემოს შეგრძნებისთვის).ამ პერიოდში ვითარდება, ასევე ზურგის ტვინი…

– რა არის სიმფიზიტი? როგორია დიაგნოზი და მკურნალობის ტაქტიკა?

სიმფიზიტი- ეს არის, ბოქვენის სახსრის დისფუნქცია. მას, ახასიათებს მენჯის სარტყლის, ბარძაყის სახსრების და წელის ტკივილები. ბოქვენის სახსრის შეერთების ადგილას ძვლები შორდება. გააჩნია ხარისხები.თუ 4-5 მმ-მდეა დაშორება, მაშინ ვნიშნავთ მკუნრალობას (საორსულე ბანდაჟი, კალციუმის პრეპარატები). თუ დაშორება 10 მმ-ამდეა ინიშნება საკეისრო კვეთა. თუმცა ეს ნიშნები უფრო III ტრიმესტრში ვლინდება.

– უწევთ თუ არა ორსულებს სხვადასხვა აქტივობით ( იოგა, ვარჯიში…) დაკავებას რეკომენდაციას?

ორსულობის პერიოდში გარკვეული ვარჯიშები აკრძალული კი არა პირიქით საჭიროა კიდეც. იოგაც შესაძლებელია, მაგრამ ეს ინდივიდუალურია ამიტომ კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ, ეს უნდა გადაწყვიტოს მკურნალმა ექიმმა.

– როგორი ტიპის გამონადენი არის საშიში და რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ორსულმა ქალბატონმა?

ორსულებს ზოგადად ახასიათებთ მომატებული მოთეთრო ფერის გამონადენი საშოდან, ეს იწვევს დისკომფორტს ქალებში. ეს საგანგაშო არაა, მაგრამ თუ ორსულს აქვს საშოში წვის შეგრძნება, ქავილი, სუნიანი მოყვითალო გამონადენი ან ხაჭოსებრი  კონსისტენციის გამონადენი, მაშინ  უნდა მიმართონ ექიმს. ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევა და პასუხის შემდგომ დაინიშნოს სათანადო მკურნალობა.

-რა სიმპტომებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება ქალბატონებმა და რა შემთხვევაში უნდა მიმართონ გინეკოლოგს?

ორსულმა იმ შემთხვევაში უნდა მიმართოს ექიმს თუ აწუხებთ შემდეგი სიმპტომები: მუცლის დაჭიმულობა, მუცლის ქვემოთ დაწოლის შეგრძნება, თავის ტკივილები, ტაქიკარდია, გამონაყარი კანზე, ტემპერატურის მატება, უძილობა, გამონადენი საშოდან (შეფერილი, სუნიანი…) კიდურების შეშუპება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლა, საერთო სისუსტე. ნაყოფის იშვიათი ან/და ზედმეტი მოძრაობა, ან თუ 12 სთ-ზე მეტი დრო ვერ გრძნობს დედა ნაყოფის მოძრაობას ეს უკვე საყურადღებოა.

               ექიმთან ვიზიტზე ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე:

                +995 596 51 60 60

           032 230-50-60

ჩვენი საიტი გთავაზობთ მხოლოდ და მხოლოდ მაღალკვალიფიციური მედიცინის წარმომადგენლებთან ჩაწერილ ინტერვიუებს, შინაარსის სისწორეზე ვაგებთ პასუხს!

მასალა მოამზადა: გვანცა ჯვარიძემ

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here