ორსულობის მესამე ტრიმესტრი

0
1905

ფეხმძიმობის III ტრიმესტრი, განსაკუთრებით მღელვარე, ბედნიერებით და ამასთანავე  დაძაბულობით სავსე პერიოდია. ახალი სიცოცხლე სულ მალე დაიბადება და შესაბამისად დედა უკვე ემზადება მშობიარობისთვის.

ბოლო ტრიმესტრი, წინამორბედებთან შედარებით კიდევ უფრო მეტ დაკვირვებას მოითხოვს, ამიტომ მომავალ დედებს განსაკუთრებით აინტერესებთ ყველა დეტალი, რა მიირთვან, როდის უნდა მიმართონ გადაუდებლად ექიმს, რა ეკრძალებათ და ზოგადად როგორ მოიქცნენ, რომ ჯანმრთელი პატარა მოევლინოს სამყაროს. ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე გვპასუხობს კლინიკა „ჯანმრთელობის სახლი“-ს https://www.facebook.com/hhealthhouse/ მეან-გინეკოლოგი ნუნუ გელაშვილი.

-მოგესალმებით, ორსულობის, რომელი კვირიდან იწყება მე-3 ტრიმესტრი?

მოგესალმებით, ორსულობის მესამე ტრიმესტრი, ეს არის ორსულობის ბოლო სამი თვე, 28 კვირიდან 40 კვირის ჩათვლით.

ცხრილი, ორსულობის კვირების მიხედვით.

-როგორ იცვლება ქალის ორგანიზმი და ემოციური მდგომარეობა ორსულობის ამ პერიოდისთვის?

მესამე ტრიმესტრში ქალის ემოციური მდგომარეობა განსხვავებულია. მხატვრულად რომ ვთქვათ, პირველი ტრიმესტრი არის იმედის და რაღაც ახალის მოლოდინი. მეორე ტრიმესტრი- უკვე იმის შეგრძნებაა რომ შენში ახალი სიცოცხლეა. მესამე ტრიმესტრში ქალის ფიქრები მთლიანად კონცენტრირებულია მომავალ შვილზე. მას ნაკლებად აღელვებს ყოველდღიური მოვლენები, გაფაციცებით აქცევს ყურადღებას ნაყოფის ყოველ მოძრაობას და თითქმის ისე აღიქვამს მას, როგორც უკვე დაბადებულ შვილს. ამიტომაც მეტია მღელვარება ყოველი წვრილმანის გამო, რამაც შეიძლება ავნოს ნაყოფს. ყველა ქალს ეჩვენება, რომ ამ ბოლო დღეებში, დრო ნელა გადის.

– როგორ ვითარდება ნაყოფი მე-3 ტრიმესტრში და რომელი პრობლემები იჩენს თავს ორსულობის ამ ვადაზე?

მესამე ტრიმესტრში ნაყოფის ორგანოები მთლიანად არის ჩამოყალიბებული. მიმდინარეობს ნაყოფის ინტენსიური ზრდა. ამასთან ერთად იცვლება ქალის მდგომარეობაც. აღინიშნება წონაში მატება, დაახლოებით 200-300 გრამი კვირაში. იზრდება ორსულის ორგანიზმზე დატვირთვა. გადიდებული საშვილოსნო იწვევს შინაგან ორგანოებზე ზეწოლას. დიაფრაგმის მაღლა დგომის გამო ხშირია სუნთქვის გაძნელება და უჰაერობის შეგრძნება, შარდის ბუშტზე ზეწოლის გამო კი ხშირი შარდვა. გადიდებული საშვილოსნო ასევე ზეწოლას ახდენს სისხლძარღვებზე, რის გამოც ხშირია ვენური სისხლის მიმოქცევის შენელება. ეს იწვევს ქვემო კიდურების შეშუპებას, სიმძიმის შეგრძნებას. ხერხემლის დატვირთვის გამო, ხშირია წელის ტკივილი. ამ ვადაზე ხშირია მოძრაობის გაძნელება, ლოგინიდან წამოდგომა, გადაბრუნება, განსაკუთრებული ‘’იხვისებური’’ სიარული. რაც გამოწვეულია სიმფიზიტით. თუ ზემოთაღნიშნული მოვლენები მსუბუქად არის გამოხატული მისი დარეგულირება ადვილად შეიძლება. უფრო რთულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რათა არ გამოგვრჩეს გულ-სისხლძარღვთა, თირკმელების, ღვიძლის და სხვა ორგანოთა რაიმე პათოლოგია.

– რა ტიპის გეგმიური გამოკვლევების ჩატარება არის საჭირო და როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი?

ორსულობის მესამე ტრიმესტრში აუცილებელია ექიმთან ხშირი ვიზიტი მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ მაინც. აუცილებელია სისტემატიურად არტერიული წნევის კონტროლი, შარდში ცილის კონტროლი, 30-ე და 36-ე კვირაზე სისხლის ანალიზის და კონტროლი, საშოს ნაცხი B-სტრეპტოკოკის არსებობაზე, სასურველია სამეანო ულტრაბგერითი კვლევა 36-38 კვირაზე, კარდიოტოკოგრაფია. რაიმე გართულების დროს ექიმთან ვიზიტის და გამოკვლევების რაოდენობა მატულობს.

-რას ნიშნავს ცოტა ან ჭარბი წყლის რაოდენობა მუცელში?

სანაყოფე სითხე არის თხევადი გარემო, რომელიც გარს აკრავს ნაყოფს. მისი ჩამოყალიბება იწყება ორსულობის მე-10 კვირის მერე და აუცილებელია ნაყოფის სწორად განვითარებისთვის. ის იცავს ნაყოფს ტრამვისაგან, იცავს ჭიპლარს კომპრესიისაგან, აქვს ანტიბაქტერიული ფუნქცია, არის ნაყოფისთვის საჭირო სითხის და საკვების რეზერვუარი. მცირეწყლიანობა ანუ ოლიგოჰიდრამნიონი არის სანაყოფე სითხის ნორმაზე ნაკლები ოდენობით არსებობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დეფორმაცია, ჭიპლარის კომპრესია, ნაყოფის განვითარების შეფერხება და სიკვდილი. მცირეწყლიანობის გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა, როგორც დედისმხრივი(პლაცენტის უკმარისობა, ქრონიკული ჰიპერტენზია, პრეეკლამპსია, თრომბოფილია,ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება) ასევე ნაყოფისმხრივი ( ნაყოფის ქრომოსომული ანომალიები, განვითარების მანკები, სანაყოფე გარსების ვადამდელი ნაადრევი გახევა, ვადაგადაცილებული ორსულობა და სხვა). ზოგჯერ მცირეწყლიანობის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება- ეს არის იდიოპათიური მცირეწყლიანობა.

ჭარბწყლიანობა ანუ ჰიდრამნიონი არის სანაყოფე სითხის ნორმაზე მეტი რაოდენობით არსებობა. შეიძლება იყოს ქრონიკული, როცა სანაყოფე სითხე ნელ-ნელა იმატებს ან მწვავე როცა ხდება მისი სწრაფი მატება. გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა: გესტაციური დიაბეტი, დედის ინფექციები, ნაყოფის თანდაყოლილი მანკები, ჰემოგლობინოპათიები და სხვა. მრავალწყლიანობა საყურადღებო პათოლოგიაა, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა,ნაყოფის არასწორი მდებარეობა, ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა, ჭიპლარის მარყუჟის გამოვარდნა, მშობიარობის შემდგომ ატომიური სისხლდენა და სხვა.

– რა შემთხვევაში ხდება აუცილებელი საკეისრო კვეთა?

ორსულობის მესამე ტრიმესტრში, განსაკუთრებით მის ბოლო კვირებში, აქტიურად დგება საკითხი მშობიარობის მეთოდის შესახებ. არის შეკითხვა, რა ჯობია, ფიზიოლოგიური მშობიარობა თუ საკეისრო. სიტყვა ფიზიოლოგიური თავის არსში მოიცავს ბუნებრივობას ანუ ნორმას და სასურველია ორსულობა დამთავრდეს ბუნებრივი მშობიარობით, მაგრამ არის მდგომარეობა როცა ფიზიოლოგიური მშობიარობა შეიძლება სარისკო იყოს დედისა და ნაყოფისთვის. ამ დროს მიმართავენ მშობიარობას საკეისრო კვეთის გზით. საკეისრო კვეთას აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებები მაგალითად: ნაყოფის არასწორი მდებარეობა, ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა, პლაცენტის წინამდებარეობა, პლაცენტის ნაადრევი აცლა, გადატანილი საკეისრო კვეთა ორი ან მეტჯერ, დედის მწვავე გენიტალური ჰერპესი, აივ ინფექცია (თუ დედა არ იტარებდა სათანადო მკურნალობას), საშვილოსნოს დიდი ზომის მიომა და სხვა. თუ აუცილებელი არ არის ვურჩევ ყველა ორსულს ფიზიოლოგიურ ანუ ბუნებრივ მშობიარობას.

-რამდენად საშიშია ორსულობის ამ ვადებზე ნაყოფის მცირე წონა?

მესამე ტრიმესტრში ხშირად გვსმენია, რომ ნაყოფი პატარაა მოცემული ორსულობის ვადისთვის. ეს ხშირად ხდება დედების მღელვარების მიზეზი. ასეთი შემთხვევა ყოველთვის პათოლოგია არ არის, ამიტომ მდგომარეობა მოითხოვს ზედმიწევნით შესწავლას. შესაძლებელია ნაყოფი იყოს კონსტიტუციურად მცირე წონის და აბსოლუტურად ჯანმრთელი. შესაძლებელია ნაყოფის მცირე წონა გამოწვეული იყოს ნაყოფის ზრდის შეფერხებით ან იყოს ნაყოფის ქრომოსომული პათოლოგია. ამიტომ, ექიმისთვის აუცილებელია, გაატაროს დიფერენცირება ამ სამ მდგომარეობას შორის. თუ, პირველი არ მოითხოვს რაიმე მკურნალობას, მეორე შემთხვევაში აუცილებელია დამატებითი მეთვალყურეობა და სათანადო მკურნალობა.

 – რა ტიპის კვება და ფიზიკური აქტივობაა მიზანშეწონილი?

საჭიროა ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, სუფთა ჰაერზე სეირნობა, კვება სამ-ოთხ ჯერ დღეში, მცირე ულუფებით. სასურველია ვახშამი დაძინებამდე სამი-ოთხი საათით ადრე, რადგან გვიან მირთმეული ვახშამი აძლიერებს გულძმარვას, რაც ისედაც ხშირია ორსულობის ამ ვადაზე. ასევე სასურველია შესაბამისი თეთრეულის ტარება: კომპრესიული წინდები, საორსულო ქამარი…

– რას ფიქრობთ ზაფრანის ნაყენზე, რომელსაც ქალბატონები მშობიარობის ბოლო ვადებში საშვილოსნოს ყელის გასახსნელად იღებენ?

რეცეპტებს ზაფრანის ნაყენის შესახებ დანამდვილებით ვერაფერს გირჩევთ. ეს ‘’მეთოდი’’ მეცნიერულად არავის შეუსწავლია, თუ რწმენა გიშველით ზაფრანის ნაყენის დალევაც შეიძლება და კომშის ნახარშისაც, ზიანს არც ერთი მოგიტანთ.

 ექიმთან ვიზიტზე ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე:

        ( 0 32 ) 2 77 19 06; 2 77 19 07

ჩვენი საიტი გთავაზობთ მხოლოდ და მხოლოდ მაღალკვალიფიციური მედიცინის წარმომადგენლებთან ჩაწერილ ინტერვიუებს, შინაარსის სისწორეზე ვაგებთ პასუხს!

ავტორი: ანი დავითური

 

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here