ორსულობის პირველი ტრიმესტრი

0
2580

დედობა ყველა ქალის ამა თუ იმ ასაკში საოცნებო მდგომარეობაა, და როდესაც დგება ეს ნანატრი დღე. მილიონი შეკითხვა იყრის ერთად თავს ჩვენს გონებაში, რომლებზეც პასუხის გაცემას ვცდილობთ, ინტერნეტის, მეგობრების ან უბრალოდ ახლობელი ადამიანების პირადი მაგალითების საშუალებით. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ინტერნეტში უმეტესად მოყვარული ბლოგერების მიერ გავრცელებული ინფორმაცია გვხვდება, ან დამახინჯებულად ნათარგმნი სტატიები, ხოლო სხვების პირადი მაგალითი რატომღაც არ მოქმედებს ისეთი სიზუსტით თქვენზე. ეს კი იმიტომ, რომ ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია. ხოლო სანდო ინფორმაცია მხოლოდ პროფესიონალი ექიმისგან შეიძლება, რომ მიიღოთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მომავალი დედებისთვის, რომლებმაც სულ ახლახანს შეიტყვეთ ორსულობის

შესახებ ან ეჭვობთ, რომ ხართ ორსულად, მივმართეთ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და პრესტიჟული “David Davarashvili Clinic დავით დავარაშვილის კლინიკ“ის სამეანო მიმართულების ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს, მეან- გინეკოლოგს ბ.ნ ვახტანგ ბარკალაიას. ბატონი ვახტანგი გვპასუხობს, ყველა იმ აქტუალურ კითხვაზე, რომელიც ორსულობის პირველ ტრიმესტრში ყველა ქალბატონს აინტერესებს.

მოგესალმებით ბ,ნ ვახტანგ, რომელია ორსულობის პირველი ნიშნები?

  • მოგესალმებით, ორსულობის ადრეული პერიოდი ყველა ქალისთვის განსხვავებულად მიმდინარეობს, მაგრამ შესაძლებელია გამოიყოს ტიპიური ნიშნები, რომლებიც ვლინდება ორსულობის დასაწყისშივე. პირველ რიგში ეს არის მენსტრუაციული ციკლის გადაცდენა, რაც ხშირად ხდება ქალების მიერ ორსულობის ტესტის ჩატარების მიზეზი. გარდა ამისა ორსულობის პირველივე დღეებიდან ქალს შესაძლოა აწუხებდეს გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, უმადობა ან პირიქით მიდრეკილება გარკვეული სახის საკვებისადმი, ასევე გუნება-განწყობის შეცვლა…

მას შემდეგ რაც ტესტი აჩვენებს დადებითს, რამდენი დღის შემდეგ უნდა მიმართოს მომავალმა დედამ შესაბამის დაწესებულებას?

  • ორსულობის ტესტი მენსტრუალური ციკლის გადაცდენიდან უკვე მეორე დღეს მგრძნობიარეა, ანუ ორსულობის შემთხვევაში აჩვენებს დადებითს. რაც შეეხება მიმართვიანობას, როგორც წესი ექიმთან ვიზიტი უნდა ჩატარდეს გადაცდენიდან 1-2 კვირაში, რომ ექოსკოპიურად შესაძლებელი იყოს ორსულობის დაფიქსირება საშვილოსნოს ღრუში.

პირველ რიგში ვისთან არის უმჯობესი პირველი ვიზიტის დაგეგმვა? ექოსკოპისტთან თუ გინეკოლოგთან?

  • რათქმაუნდა პირველი ვიზიტი უნდა განხორციელდეს გინეკოლოგთან, რომელიც დაუნიშნავს მას ამ ეტაპისთვის შესაბამის კვლევებს და მისცემს შემდგომ რეკომენდაციებს.

რა ცვლილებებს განიცდის ქალის ორგანიზმი ორსულობის დასაწყისში?

  • ორსულობისას ქალის ორგანიზმში დიდი ფიზიოლოგიური და ჰორმონალური ძვრები ხდება, რის შედეგადაც იზრდება დატვირთვა ისეთ სასიცოცხლო სისტემებზე, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საშარდე და საჭმლის მომნელებელი სისტემები. აგრეთვე საგრძნობლად იცვლება ფსიქო-ემოციური მდგომარეობა.

რა არის ტრიმესტრი და როგორ ხდება მისი დაყოფა?

  • მეანობაში მიღებულია ორსულობის დაყოფა 3 ტრიმესტრად: I ტრიმესტრი შეესაბამება პერიოდს 1-13 კვირამდე, მე-2 ტრ. შეესაბამება 14-26 კვირამდე, მე-3 ტრ. მოიცავს 27-40 კვირას. ყოველი ტრიმესტრი ხასიათდება შესაბამისი ცვლილებებით, როგორც ნაყოფის ასე დედის მხრივ.

    კვირები ტრიმესტრების მიხედვით, ცხრილი.

როგორ უნდა მოუაროს ქალმა თავს ორსულობის I ტრიმესტრში რა ეპატიება და რა ეკრძალება ორსულს?

  • ორსულობა ეს ის პერიოდია, როცა ქალი განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ ჯანმრთელობას და ემოციებს. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჯანსაღ კვებას. ფიზიკური დატვირთვის სწორ გადანაწილებას, ფსიქო-ემოციურ სიმშვიდეს, კარგ განწყობას. ორსულობის პერიოდში ქალი უნდა მოერიდოს ჭარბი რაოდენობით ტკბილ საკვებს, მინიმუმამდე დაიყვანოს  მარილიანი საკვების მოხმარება. ამოიღოს რაციონიდან კონსერვირებული და შებოლილი პროდუქტები, მაქსიმალურად შეზღუდოს კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარება. აუცილებელია ორსულობის პერიოდში ქალმა უარი თქვას ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებაზე.

თუ, ქალბატონი არის თამბაქოს მომხმარებელი ორსულობის და შემდგომ ძუძუთი კვების პრიოდში, რა უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია ნაყოფის ჯანსაღ განვითარებაზე?

  • თამბაქოს კვამლის ტოქსიური კომპონენტები ადვილად გადის პლაცენტარულ ბარიერს და მათი ზემოქმედება ემბრიონზე ან ნაყოფზე შეიძლება გამოუსწორებელი შედეგებით დასრულდეს. ასეთ დროს საგრძნობლად ფერხდება ნაყოფისთვის ჟანგბადის მიწოდება, რაც აბრკოლებს მის ნორმალურ განვითარებას და იწვევს ნაყოფის ჰიპოტროფიას, დღენაკლულობას და ა.შ. აღსანიშნავია რომ, თამბაქოს მოხმარება ძირითადი რისკ-ფაქტორია პერინატალური სიკვდილიანობის. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ყოველი მე-5 მკდვრად დაბადებული იცოცხლებდა, თუკი მათი დედა არ იქნებოდა მწეველი.

ფოლიუმის მჟავა რისთვის არის საჭირო და რატომ ნიშნავენ გინეკოლოგები მხოლოდ 13 კვირამდე?

  • ფოლიუმის მჟავა არის B ჯგუფის ვიტამინის ფორმა, რომელსაც ეძახიან ფოლატს. სხეულში ამ ელემენტის არასაკმარისი რაოდენობისას ნაყოფის ნერვული არხი რომლიდანაც საბოლოოდ ყალიბდება თავის და ზურგის ტვინი შეიძლება დაიხუროს არასწორად და ნაყოფს განუვითარდეს ნერვული არხის დეფექტები, რაც სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. დეფექტების ჩამოყალიბება უმეტესად ხდება ორსულობის პირველ ტრიმესტრში, შესაბამისად მნიშვნელოვანია ფოლატის მიღება ზუსტად ამ პერიოდში.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საუკეთესო იქნება, თუ ფოლიუმის მჟავის მიღებას წყვილი დაიწყებს 3 თვით ადრე ჩასახვამდე. ამიტომ ყველა მომავალ მშობლებს ვურჩევთ მიიღეთ ფოლიუმის მჟავა და იზრუნეთ თქვენი პატარების ჯანმრთელობაზე.

ორსულობის შეგრძნებები, უხასიათობა კვებითი ცვლილებები, რომელი კვირიდან გრძელდება და რამდენ ხანს გასტანს?

  • ეს ცვლილებები უმეტეს წილად ვლინდება ორსულობის 1 დღეებიდან და მათი ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, როგორც წესი ორსგანიზმის შეგუების პროცესი 12 კვირამდე გრძელდება.

რა ივწვს ტოქსიკოზს და შეიძლება თუ არა მისი მართვა?

  • ორსულთა ტოქსიკოზი პოლისიმპტომური მდგომარეობაა, ის მხოდოდ გულისრევასა და პირღებინებას არ გულისხმობს და შეიძლება გამოვლინდეს მრვალი სხვა სიმპტომითაც. ეს გამოწვეულია იმ ჰორმონალური ცვლილებებით რაც ორსულობისას ხდება ქალის ორგანიზმში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი შემდგომი ორსულობა ერთსა და იმავე ქალისთვის შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული. ტოქსიკოზის მართვა მის სიმძიმეზეა დამოკიდებული. მსუბუქი ფორმის დროს საკმარისია მოვაწესრიგოთ კვება, მცირე ულუფებით 4-5 ჯერ დღეში, მედიკამენტებიდან აღსანიშნავია კოჭა და B ჯგუფის ვიტამინების მიღება.

კიდევ რა ცვლილებებს უნდა ელოდოს მომავალი დედა ორსულობის პირველ ტრიმესტრში?

  • მენსტრუალური ციკლის გადაცდენის, გულისრევის შეგრძნების გარდა ქალების უმეტესობა აღნიშნავს ცვლილებებს სარძევე ჯირკვლებში; ჩნდება შეშუპება, ჩხვლეტის შეგრძება, ტკივილი. შეიძლება აღენიშნებოდეთ ხშირი შარდვა რაც აიხსნება პირველ რიგში ჰომორნალური ცვლილებებით, კერძოდ პროგესტერონის მკვეთრი მომატება ზრდის სითხის მოთხოვნილებას რასაც მისი მეტად გამოყოფა მოჰყვება. გარდა ამისა პროგესტერონის მატებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყაბზობა, გულისწასვლის შეგრძნებები. ყველა ეს სიმპტომი როგორც წესი პირველი ტრიმესტრის შემდეგ გაივლის.

რომელი გამოკვლევის ჩატარება არის სავალდებულო 13 კვირამდე, რათა დადგინდეს დედის და ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

  • პირველი ვიზიტი, რომელიც უნდა ჩატარდეს 13 კვირამდე, ითვალისწინებს რიგ კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებს, რომელთა ჩატარება სავალდებულოა. ესენია სტარდარტით გათვალისწინებული ანალიზები. თუმცა ორსულის დატვირთული ანამნეზიდან გამომდინარე დღესდღეობით შესაძლებელია დედის სისხლში ნაყოფის მოცირკულირე დნმ-ის სკრინინგული გენეტიკური კვლევა, რაც ერთერთი ინფორმატიული მიღწევაა ორსულობის სწორად მართვაში.

არის თუ არა საგანგაშო სისხლიანი გამონადენი?

  • ორსულობის მიმდინარეობისას სისხლიანი გამონადენი შეიძლება აღინიშნოს ნებისმიერ ტრიმესტრში, რაც საყურადღებო სიმპტოს წარმოადგენს. თუმცა გახსოვდეთ, რომ დროული დიაგნოსტიკის და ადეკვატურად ჩატარებული მკურნალობის პირობებში სისხლიანი გამონადენის არსებობა ყოველთვის არ ხასიათდება ცუდი პროგნოზული მაჩვენებლით, ასეთ შემთხვევაში საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება და დროული ვიზიტი გინეკოლოგთან.

ორსულობის დასაწყისში გაციება და ტემპერატურის მომატება მითია თუ რეალობა, რომ ამ დროს ხდება ნაყოფის გონებრივი ჩამორჩენა ან განუვითარებლობა?

  • ორსულობის მთელ მანძილზე ქალმა თავი უნდა აარიდოს ინფექციებთან კონტაქტს, განსაკუთრებით სახიფათო ასეთი ინფექციური დაავადება წითურაა. გაციება და ტემპერატურის მომატება ნამდვილად არ იწვევს ნაყოფის განუვითარებლობას და გონებრივ ჩამორჩენას, თუმცა ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ჩამოყალიბების პროცესში, ცხელება არასასურველი მოვლენაა. აქვე აღსანიშნავია, რომ სუბფებრილური ტემპერატურა ორსულობის განმავლობაში და მით უმეტეს პირველი ტრიმესტრის პერიოდში, სრულიად ფიზიოლოგიური მოვლენაა.

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად კლებულობს თუ არა ორგანიზმში ვიტამინების და მინერალების დოზა და როგორ შეიძლება ამ დანაკლისის შევსება?

  • ორსულობასა და ბავშვის ძუძუთი კვების დროს ქალის ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების მოთხოვნილება ერთი ორად მატულობს. უმჯობესია საჭირო მინერალები და ვიტამინები ორსულმა მიიღოს საკვებიდან. ამისათვის აუცილებელია ჯანსაღი და მართებული კვება. თუ ამას ვერ ახერხებთ შესაძლებელია ვიტამინები დაინიშნოს პრეპარატების სახითაც, თუმცა სწორი კვება პრიორიტეტულია.

დასარულს რას ურჩევდით ახალბედა დედებს, რომლებიც ორსულობის პირველ ტრიმესტრში განიცდიან შინაგანად ამდენ ცვლილებას?

  • ვინაიდან ფიზიოლოგიურ და ჰორმონალურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული, აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება, ახლობლების და ოჯახის წევრების თანადგომა და ზრუნვა. ვისურვებდი ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის მომზადება მოხდეს წინასწარ მიზანდასახულად, გააზრებით, აუცილებლად მომავალი მშობლების ერთობლივი ჩართულობით, რაც გაადვილებს და გაალამაზებს ორსულობის პერიოდს!

ექიმთან ვიზიტზე ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე:

(032) 2 42 42 52

 

მასალა მოამზადა: გვანცა ჯვარიძემ

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here