დედის და შვილის კავშირი, ჯერ კიდევ ორსულობისას დედის მუცლიდან იწყება. ეს კავშირი 9 თვე გრძელდება და შემდეგ, პატარა იბადება, ჭიპლარი იჭრება და სხეულს შიდა კავშირი წყდება, მაგრამ მეცნიერები ჭიპლარზე დიდ იმედებს ამყარებენ და ჭიპლარის სისხლის ბანკიც კი შექმნეს.
რა არის ჭიპლარი? რა როლი უკავია ორსულსა და ემბრიონს შორის? რისთვის არის ჭიპლარის სისხლის ბანკი?
ამ და სხვა კითხვებს პროფესიონალი ექიმი, კლინიკა ჰერა2011 -ის სპეციალისტი, მეან გინეკოლოგი, თამარ გოდუაძე უპასუხებს!
-მოგესალმებით, პირველი კითხვა გვინდა დაგისვათ რა არის ჭიპლარი და რა ფუნქცია აქვს ნაყოფისთვის?
მოგესალმებით, ჭიპლარი — ანატომიური წარმონაქმნი, რომელიც ნაყოფს აკავშირებს პლაცენტასთან და მისი მეშვეობით დედის ორგანიზმთან.
ჭიპლარის სისქე 1,5 სმ, ხოლო სიგრძე 50-70 სმ აღწევს, რაც ჩანასახს საშუალებას აძლევს შედარებით რთული სახის მოძრაობები შეასრულოს საშვილოსნოს შიგნით.
-ჩასახვის რა ეტაპიდან კავშირდება ემბრიონი ჭიპლართან?
განაყოფიერებიდან მე–5–7 დღეს ბლასტოცისტი ემაგრება საშვილოსნოს კედელს. ამ პროცესს ეწოდება იმპლანტაცია. შემდეგ იწყება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის, ანუ ემბრიონის ზრდა–განვითარება. იმპლანტაციის შემდეგ ჩამოყალიბებას იწყებს პლაცენტა და ჭიპლარი, რომელიც ჩანასახს უზრუნველყოფს საკვებითა და ჟანგბადით.
-არსებობს თუ არა ჭიპლარის პათოლოგიები და როგორია დიაგნოსტირება?
ჭიპლარის პათოლოგიებს მიეკუთვნება: ჭიპლარის სისხლძარღვების ანომალია – ჭიპლარში ერთი არტერიის არსებობა, მოკლე ჭიპლარი. არსებობს უჩვეულოდ მოკლე ჭიპლარიც, რომელიც შეიძლება რუტინული ულტრაბგერითი კვლევისას აღმოაჩინონ. მოკლე ჭიპლარი მშობიარობას საკმაოდ ართულებს – ის შეიძლება დაიჭიმოს, გაწყდეს და ნაყოფი დაღუპვამდე მიიყვანოს.
ჭიპლარის კვანძები – ახალშობილთა დაახლოებით 1 პროცენტი იბადება ჭიპლარის ერთი ან რამდენიმე კვანძით. ზოგიერთი კვანძი ჩნდება მშობიარობის დროს, როდესაც მარყუჟი იჭიმება. კვანძები წარმოიქმნება ორსულობის დროსაც, როდესაც ნაყოფი ძალიან პატარაა და ბევრს მოძრაობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჭიპლარი უჩვეულოდ გრძელია. კვანძები ყველაზე ხშირად გვხვდება იდენტური ტყუპის შემთხვევაში. თუ ტყუპს საერთო ამნიონური ღრუ აქვს, მათი ჭიპლარები შესაძლოა გადაიხლართოს. სანამ კვანძი მოუჭიმავია, პრობლემას არ უქმნის ნაყოფს, მაგრამ ზოგჯერ ის მჭიდროდ იჭიმება, რის შედეგადაც ნაყოფისთვის ჟანგბადის მიწოდება ირღვევა ან წყდება.
-ორსულობის რა ვადაზე არის საშიშროება ჭიპლარის შემოხვევის?
ჭიპლარის შემოხვევის საშიშროება ორსულობის მე-2 ტრიმესტრიდან არის შესაძლებელი.
-გარდა ექოსკოპიურად როგორ შეიძლება, რომ მიხვდეს დედა, ნაყოფზე ჭიპლარის შემოხვევას?
აუცილებელია დედამ მიაქციოს ყურადღება ნაყოფის მოძრაობას. თუკი ნაყოფის მოძრაობის შენელება ხდება ორსულობის გარკვეულ ვადაზე. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩაირთოს sos! -სიგნალი, წავიდეს დედა ექოსკოპიურ კვლევაზე და ინახოს რასთან გვაქვს საქმე. ეს საშუალებას გვაძლევს დროულად მოვახდინოთ დიაგნოსტიკა და ეს საშუალებას მოგვცემს გადავარჩინოთ ნაყოფის სიცოცხლე.
-მედიცინა პროგრესირებადი მეცნიერებაა, ბოლო დროს ხშირად ვხედავთ ფოტოებს ჩვილს ჭიპლართან და პლაცენტასთან ერთად, რა შეიცვალა და რატომ ტოვებენ მეანები ასეთ მდგომარეობაში პატარას?
ჭიპლარის სისხლი ეს არის სისხლი, რომელიც რჩება პლაცენტაში,მას შემდეგ, რაც ჩვილი დაიბადება და ჭიპლარი გადაიკვანძება.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სისხლში, რომელიც პლაცენტაში რჩება არის დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის სასარგებლო უჯრედები, სწორედ ამიტომ თანდათან ინერგება პრაქტიკა, როცა არ ხდება ჭიპლარის გადაჭრა ნაყოფის დაბადებისთანავე.
-რა უნიკალური თვისება აქვს ჭიპლარს, რის გამოც შექმნილია ჭიპლარის სისხლის ბანკიც?
ახალშობილის ჭიპლარის სისხლში არსებული ღეროვანი უჯრედები უამრავ დაავადებას კურნავს. ყველას სმენია მოზრდილის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შესახებ თუ რაოდენ მძიმე დაავადებებს ებრძვიან ამით, მათ შორის ლეიკემიას, ლიმფომას, სხვა ონკოლოგიურ დაავადებებს, სულ 80-მდე დაავადებას. აღმოჩნდა, რომ ჭიპლარის სისხლს, ისევე როგორც ძვლის ტვინს, შეუძლია ანალოგიური დაავადებების მორჩენა.
-რა არის ჭიპლარში სპირალის ფორმის მსგავსი ღერები?
ჭიპლარში მოთავსებულია ორი არტერია და ერთი ვენა, რომელიც სპირალურად არის დაკლაკნილი.
მისი ფუნქციაა ნაყოფსა და დედას შორის სისხლის ცვლა, რომლიც უზრუნველყოფს ნაყოფს მისი ზრდა განვითარებისათვის საჭირო ნივთიერებებით
-ხშირად ვხვდებით ევროპის კლინიკებში ჭიპლარის გადაჭრის რიტუალს, როდესაც Მშობლები თავად ჭრიან ჭიპლარს, მაგრამ ახალბედა დედებს უჩნდებათ კითხვა არის თუ არა ეს პროცესი მტკივნეული?
მე პირადად ძალიან მომწონს მამის მიერ ჭიპლარის გადაჭრის რიტუალი და ჩემს პრაქტიკაში აქტიურად ვიყენებ. თითქოს ამ რიტუალით კიდევ უფრო ძლიერდება კავშირი მამასა და შვილს შორის, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია.
-მართალია თუ არა რომ ეგრედწოდებული მომყოლის გახმობა, დაფქვა და გამოყენება აძლიერებს იმუნიტეტს?
ეს რა თქმა უნდა მითია! მსგავსი მტკიცებულება მედიცინაში არ არსებობს!
დამატებითი კითხვებისთვის გადადით ბმულზე https://www.facebook.com/tamargoduadze
მასალაზე მუშაობდა: გვანცა ჯვარიძე