ყველა ორსული, რომელიც შედის ექოსკოპიის კაბინეტში გამოკვლევის ჩასატარებლად, მხოლოდ საკუთარი მომავალი შვილის ჯანმრთელობაზე ფიქრობს. იქიდან გამოსულს კი ემოციების ზღვა უტრიალებს გონებაში. მაგრამ, როგორც კი დრო გადის ჩნდება კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა მომდევნო გეგმიურ ვიზიტამდე გადაიწევს ხოლმე. სწორედ ამიტომ ვიზრუნეთ ჩვენი საიტის მკითხველის სწორ ინფორმირებულობაზე და ყველაზე ხშირად დასმული კითხვების მიხედვით ჩავწერეთ კომპეტენტურ და პროფესიონალ ექოსკოპისტთან ინტერვიუ, რომელმაც ჩვენი ჟურნალისტის მიერ დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
წარმოგიდგენთ: პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ-ექოსკოპისტს, ლანა ეზიეშვილს.
– ქ.ბ ლანა, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ინფორმაციის ნაკლებობას არ ვუჩივით, მაინც არ კარგავს აქტუალურობას კითხვა, თუ როდის უნდა დაიგეგმოს პირველი ვიზიტი ექოსკოპისტთან.
პირველ რიგში, ქალბატონმა ციკლის გადაცილებიდან რამოდენიმე დღეში უნდა ჩაიტაროს „ექსპრეს ტესტი“. თუ ტესტი დადებითს ( ორ ხაზს) აჩვენებს აუცილებლად, უნდა მიაკითხოს ექოსკოპიის კაბინეტს, რათა ექოსკოპიურად დადასტურდეს, რომ ნაყოფი არის ნამდვილად საშვილოსნოს ღრუში და გამოირიცხოს საშვილოსნოს გარე ორსულობის არსებობა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ორსულობა საშვილოსნოს ღრუში მიმდინარეობს და საფრთხე არ ემუქრება ნაყოფს.
პირველი ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორსულობის 4-4,5 კვირის ვადაზე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ, ციკლის გადაცილებიდან რამოდენიმე დღეში სანაყოფე პარკი არ ინახა საშვილოსნოს ღრუში, პაციენტი რჩება გინეკოლოგისა და რადიოლოგის დაკვირვების ქვეშ.
დინამიკაში დაკვირვებას ჩვენს კლინიკაში ვახორციელებთ უფასოდ!
– ჯანმრთელი ქალის ორსულობა რამდენ სავალდებულო ვიზიტს მოიცავს და აქედან რამდენ ვიზიტს აფინანსებს სახელმწიფო?
მოგახსენებთ, სახელმწიფო ანტენატალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩვენს კლინიკაში ფინანსდება 8 ვიზიტი მეან-გინეკოლოგთან. ასევე, ორი ექოსკოპია, იგულისხმება: პირველი ვიზიტი 12 კვირის ვადამდე და მეორე ვიზიტი 18-20 კვირის ვადაზე ასევე, ძირითადი ის ანალიზები, რომელიც აუცილებელია ორსულებისთვის.
თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ორსულობის მიმდინარეობიდან გამომდინარე შეიძლება დამატებით ფასიანი ვიზიტები დასჭირდეს ორსულს. ამას კი მისი მკურნალი გინეკოლოგი ნიშნავს პრობლემიდან გამომდინარე.
– ზედმეტმა ექოსკოპიურმა კვლევამ შეიძლება თუ არა მიაყენოს ზიანი მუცლადმყოფ ბავშვს ან დედას?
ეს არის აბსოლუტურად უვნებელი, ულტრაბგერითი ტალღა, რომელიც არ ვნებს ორგანიზმს. ის უსაფრთხოა, როგორც ჩვენთვის, ექიმებისთვის, რომლებიც წლობით ვმუშაობთ აპარატთან, ასევე პაციენტებისთვის. კვლევებით დადასტურებულია, რომ ულტრაბგერას ცოცხალი ქსოვილებისთვის არავითარი ზიანის მოტანა არ შეუძლია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბევრად დიდი სარგებელი მოაქვს თვითნებურად (ორსულის სურვილით), არაგეგმიურად გაკეთებულ ექოსკოპიურ კვლევას, ვიდრე ექიმის მიერ დანიშნულს. მქონია შემთხვევა, როდესაც აფორიაქებული ორსული მოსულა და უთხოვია, რომ ბავშვის გულის ცემა მაინც მომასმენინეთო. მეც შემისრულებია ეს თხოვნა, დამითვალიერებია-მინახავს დედის თვალწინ ნაყოფის სხეული, გულისცემა და ამ ერთ ექოსკოპიას მოუტანია მომდევნო კვირების განმავლობაში ორსულისთვის შინაგანი სიმშვიდე. ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ ექოსკოპიური კვლევა ჩაიტაროთ ექიმის დანიშნულებითაც და თვითნებურადაც. როგორც უკვე ავღნიშნე, ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო პროცედურა! მსოფლიოში არანაირი მონაცემი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ეს ულტრაბგერითი ტალღა, რაიმე უარყოფით გავლენას ახდენს ორსულობაზე, ნაყოფზე, დედაზე ან ცოცხალ ქსოვილზე.
– რამდენ კვირაზე ისმინება გულის ცემა და შეიძლება თუ არა ამ ვადაზე გარკვეულ პაციენტებში ვერ მოხდეს მოსმენა?
გულისცემა ნაყოფის უნდა ინახოს 6 დან – 8 კვირამდე, თუ 8 კვირამდე ვერ ინახა გულისცემა აქ პროგნოზი არაკეთილსაიმედოა, ესე იგი ორსულობა ვერ განვითარდა.
– 12 კვირაზე სქესის გაგება რამდენად რეალურია და მინიმუმ, რამდენ კვირაზე ჩანს ბავშვის სქესი?
სქესის გაგება კანონით 18 კვირამდე არ შეიძლება, თუმცა ადრეულ ვადაზე 11 კვირიდან ტექნიკურად შესაძლებელია რა თქმა უნდა სქესის დადგენა.
– კიდევ, რა არის მიზეზი რის გამოც ორსულთა 99% მოგმართავთ 12 კვირაზე ექოსკოპიის ჩასატარებლად?
12-13 კვირაზე აუცილებელია კისრის ნაოჭის, ანუ საყელოსებრი სივრცის გაზომვა. ეს გახლავთ მარკერი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ იქ შეიძლება იყოს რაიმე პათოლოგია. კისრის ნაოჭის ზომის ნორმად ითვლება 3მმ, მაგრამ შეიძლება იყოს 3,5; 4; 4,5;მმ და ბავშვი იყოს სრულიად ჯანმრთელი. ამიტომ რადიოლოგებმა თავს არ უნდა მივცეთ უფლება, მშობელს მივაწოდოთ მცდარი ინფორმაცია ნაყოფის შესახებ. ეს არის უდიდესი შეცდომა და დანაშაული. აუცილებლად უნდა გაკეთდეს ტესტები, ორმაგი, სამმაგი ტესტი. თუ იქაც რაიმე ცვლილება დაფიქსირდა, აუცილებლად უნდა გაკეთეს ამიოცენტეზი, რომელიც 99%- ში ზუსტ ინფორმაციას გვაძლევს. ექოსკოპია არის მხოლოდ მარკერი, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას, საჭიროა თუ არა კიდევ დამატებითი კვლევები. ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომ სრულიად ჯანმრთელი ბავშვები იბადებიან არსებული 4 მმ საყელოსებრი სივრცით.
–რაიმე ორიგინალური ფორმით თუ მოუთხოვიათ ნაყოფის სქესის გაგება?
მე პირადად, ფერადი ფურცლებით ვაგებინებ სქესს. გოგონების პასუხები ვარდისფერ ფურცელზე, ხოლო ვაჟების ცისფერ ფურცლებზე იბეჭდება.
–რამდენად მნშვნელოვანია, თანამედროვე ექოსკოპიის აპარატურით ორსულობის კვლევების ჩატარება?
რა თქმა უნდა, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურა გვაძლევს საშუალებას ზუსტად შევაფასოთ ნაყოფის განვითარების მიმდინარეობა, სწორი დიაგნოზის დასმაში აპარატურას უდიდესი მნიშვნელობა აქვს „სწორი დიაგნოზი კი ნახევარი გამოჯანმრთელებაა“. ულტრაბგერითი აპარატის მაღალმა ხარისხმა, დახვეწილმა ტექნოლოგიებმა XXI საუკუნეში შეცვალა მიდგომები მედიცინის გარკვეულ საკითხებში.
11-13 კვირაზე ყველაზე შთამბეჭდავია ექოსკოპიის გადაღება. განსაკუთრებით ფერადი 3D ან 4D კვლევა. ჩვენს კლინიკაში ექოსკოპიური კვლევა ტარდება უახლესი აპარატურით, რომელიც მოწინავეა ამიერკავკასიაში. ორსულობის პირველ ტრიმესტრში ვახდენთ ნაყოფის დეტალურ დათვალიერება-შეფასებას. რაშიც იგულისხმება: თითების დათვლა, პროფილის შეფასება, ცხვირის ძვლის გაზომვა, ვათვალიერებთ თავის ქალას ძვლებს, სახის ძვლებს, ხერხემალს… ასევე ნაყოფის ორგანოებს: მუცლის წინა კედელს, კუჭს, შარდის ბუშტის და კისრის ნაოჭს.
– თქვენთან ინტერვიუს ჩასაწერად მოსულებს, კლინიკაში თქვენს კაბინეტთან დაგვხვდა რიგები, თქვენი აზრით რა განაპირობებს პაციენტების მოზღვავებულ რაოდენობას?
პაციენტებისგან სიყვარულს ნამდვილად ვგრძნობ, ამ ემოციის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. პაციენტების მხრიდან სიყვარული, ვფიქრობ პირველ რიგში ორსულისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გამომდინარეა, ამას ვერ ითამაშებ. ყველა ორსულს ინდივიდუალურად, სითბოთი და სიყვარულით ვუდგები. არ მჩვევია საქმის „მიფუჩეჩება“ (იღიმის). ან სხვაგვარად, როგორ შეიძლება, როდესაც მოდის აფორიაქებული ორსული, გაფართოებული თვალებით გიყურებს (ყველაზე ლამაზი, ხომ ორსულის თვალებია) და გაფაციცებით გელოდება რას ეტყვი მის პატარაზე, ამ დროს ვცდილობ მაქსიმალურად ავუხსნა პაციენტს ნაყოფის მდგომარეობა, კვლევისას ყველა დეტალი ვაჩვენო, მუცელში მყოფი შვილის სახე, კიდურები… მოვასმენინო და ჩავუწერო გულისცემა. ამაზე დიდი ბედნიერება ორსული ქალისთვის ალბათ არ არსებობს, როცა ექიმი მაქსიმალურად იხარჯება თითოეული ორსულის კვლევის ჩატარებისას და ყოველგვარი კითხვის, ეჭვის გარეშე დამშვიდებულს უშვებს შინ. აი ეს, არის ჩემი „საიდუმლო“ ჩემს პაციენტებთან პოზიტიური ურთიერთობის უწყვეტი ჯაჭვის შექმნისა.
ექიმთან ვიზიტზე ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:
+995 577 45 35 35 (032) 2 61 01 01
მასალაზე მუშაობდა: გვანცა ჯვარიძე