ორსულობა და სისხლის შედედების პრობლემები

0
460

ორსულობა და სისხლის შედედების პრობლემები

loading...

შეწყვეტილი ორსულობა ხშირად ინფექციურ აგენტს –ვირუსსა თუ ბაქტერიას ბრალდება, პაციენტები გაუთავებლად იტარებენ ანტიბაქტერიულ და ანტივირუსულ მკურნალობას, ხოლო ნაყოფის დაკარგვის სხვა მიზეზები უყურადღებოდ რჩება. სტატისტიკური მონაცემებით, თვითნებური აბორტების დაახლოებით მეოთხედი თრომბოფილიას, მათ შორის _ ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომს უკავშირდება. რა თქმა უნდა, არც ის იქნება მართებული, ყველა შეწყვეტილი ორსულობის მიზეზად სისხლის შედედების დარღვევა მივიჩნიოთ, მაგრამ პრობლემა მართლაც აქტუალურია – თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვანი მიღწევების მიუხედავად, არტერიული და ვენური თრომბოზი და მასთან დაკავშირებული გართულებები მთელ მსოფლიოში სიკვდილობისაა და ინვალიდობის ძირითადი მიზეზია.

ორსულებში თრომბოფილიის შესახებ “ავერსის კლინიკის” ექიმი გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ჟანა ჯანჯღავა გვესაუბრება:

 

– თრომბოფილია ისეთ პათოლოგიათა ჯგუფია, რომელთა დროსაც სისხლი მეტისმეტად სწრაფად დედდება, წარმოიქმნება მიკროთრომბები, რომლებიც სისხლძარღვის სანათურს ავიწროებს ან ახშობს და, ამის კვალობაზე, სისხლის მიმოქცევას არღვევს.

ეს პროცესი განსაკუთრებით არასასურველ შედეგებს იწვევს ორსულებთან – ჰიპერკოაგულაცია ვითარდება საშვილოსნო-პლაცენტისა და პლაცენტა-ნაყოფის სისხლის მიმოქცევის სისტემაში, თუმცა ფიზიოლოგიურად თავად ორსულობაც ზრდის სისხლის შედედების უნარს და, საზოგადოდ, სისხლის მიმოქცევის პოტენციალს, რათა ყოველგვარი სისხლდენა სწრაფად შეწყდეს – ნაყოფის განვითარებისთვის სარისკოა დედის თუნდაც მცირე მოცულობის სისხლის დანაკარგი.

  • – რა სახის თრომბოფილიები არსებობს?

– თრომბოფილიები თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებებია. მრავალმა კვლევამ დაადასტურა გენეტიკური თრომბოფილიის ყველაზე ხშირი სამი მიზეზის – სისხლის შემდედებელი II და V პლაზმური ფაქტორების და ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტის მაკონტროლებელი გენების წერტილოვანი მუტაციების – კავშირი თრომბოზულ გართულებებთან, განსაკუთრებით – ახალგაზრდა პაციენტებსა და ორსულებში.

შეძენილი თრომბოფილიებიდან განსაკუთრებით აქტუალურია ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (აფს). მისი პათოგენეზი საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. კლინიკური ნიშნების საფუძველია აუტოიმუნური პროცესი, რომლის დროსაც ანტისხეულების ჯგუფი აზიანებს სისხლძარღვების შიგნითა კედლის ამომფენ ენდოთელურ უჯრედებს, დეფექტის აღმოსაფხვრელად იწყება სისხლის შედედება და თრომბის წარმოქმნა. ვინაიდან პროცესში ყველა კალიბრისა და ლოკალიზაციის სისხლძარღვებია ჩართული, ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომს საკმაოდ მრავალფეროვანი კლინიკური სურათი ახასიათებს.

  • – მაინც რა ძირითადი ნიშნებით ვლინდება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი?

– ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის ყველაზე გავრცელებული გამოხატულებაა ვენური თრომბოზი. ის უპირატესად ქვედა კიდურების ღრმა ვენებშია ლოკალიზებული. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი მეან-გინეკოლოგების დიდი პრობლემაა. მას უკავშირდება ვადამდე მიუყვანელი ორსულობა, მორეციდივე სპონტანური აბორტები ორსულობის ადრეულ ვადებზე, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილი, ნაადრევი მშობიარობა. ასეთივე გამოვლინებები აქვს დადგენილი ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის მქონე ორსულთა 80%-ს, ხოლო, სხვადასხვა მონაცემით, ვადამდე მიუყვანელი ორსულობის 27-42%-ში აფს დასტურდება. ადეკვატური მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში ნაყოფის სიკვდილის ალბათობა 90-95%-ია. სამეანო პათოლოგიის მიზეზია პლაცენტის სისხლძარღვების თრომბოზი და ფეტოპლაცენტური უკმარისობა, რაც უჟანგბადობასა და ნაყოფის სიკვდილს იწვევს.

ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში თრომბოფილიის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულებაა დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი (დსშ) – სისტემური პროცესი, რომლის დროსაც ერთდროულად ვითარდება თრომბოზის მოვლენები და სისხლდენა, რაც ხშირად შეუძლებელს ხდის მშობიარის გადარჩენას.

აღსანიშნავია, რომ ქალებს ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომს 2-5-ჯერ ხშირად უდგენენ, ვიდრე მამაკაცებს, რაც სწორედ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის ორსულობის დროს განვითარებულ გართულებებს უკავშირდება.

  • – რა უწყობს ხელს ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის გამოვლენას?

– მას ხშირად უწევს პროვოცირებას ორსულობა. დამატებითი რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია ორსულის 40 წელზე უფროსი ასაკი, ჭარბი წონა, გენეტიკურად დატვირთული ანამნეზი (მშობლების, ბებია-ბაბუის ინსულტი, ინფარქტი), თუმცა რისკფაქტორი სხვაც ბევრია, ამიტომ ორსულის პატრონაჟის აუცილებელი კომპონენტებია არტერიული წნევის მუდმივი მონიტორინგი, ანამნეზის შეკრება – ხომ არ აწუხებდა ქალს ორსულობამდე სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი (კრუნჩხვები) ქვედა კიდურებში ან ხომ არ წარმოიშვა ისინი ორსულობისას. ორსულის მეთვალყურეობის ერთ-ერთ მიზანს სწორედ თრომბოფილიური გართულებების რისკის ადრეული დიაგნოსტიკა და მათი პროფილაქტიკა წარმოადგენს.

  • – რა კრიტერიუმებით ადგენენ ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომს?

– ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის სადიაგნოზო კრიტერიუმები პირველად 1998 წელს, საპოროში (იაპონია) ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონგრესზე შემუშავდა, ხოლო 2006 წელს სიდნეიში, იმავე თემაზე ჩატარებულ კონგრესზე, საბოლოოდ ჩამოყალიბდა. ის როგორც კლინიკურ, ასევე ლაბორატორიულ მონაცემებს ეფუძნება. იმისთვის, რომ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოზი დაისვას, აუცილებელია, სულ ცოტა, ერთი კლინიკური და ერთი ლაბორატორიული კრიტერიუმის არსებობა.

კლინიკური კრიტერიუმებიდან მნიშვნელოვანია ორსულობის შენარჩუნების სირთულეები, კერძოდ:

• განმეორებითი თვითნებითი აბორტები;

• ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილი;

• ნაადრევი მშობიარობა, გამოწვეული ეკლამფსია-პრეეკლამფსიით ან ფეტოპლაცენტური უკმარისობით;

ხოლო ლაბორატორიულად განსაზღვრავენ მგლურას ანტიკოაგულანტის, ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების, ანტი-ბეტა-2 გლიკოპროტეინის, V-ანექსინის, სისხლძარღვშიდა შედედების აქტივაციის მარკერების (D დიმერი, ხსნადი ფიბრინმონომერული კომპლექსები) რაოდენობას სისხლში.

ცალკე დავასახელებ გენეტიკურ კვლევებს, რომლებიც ზემოთ აღნიშნული მუტაციების აღმოსაჩენად ტარდება. მათი ჩატარება უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი, მათ შორის – “ავერსის კლინიკაშიც”.

აუცილებელია, ჩვენს ქვეყანაშიც სათანადო ყურადღება მიექცეს თრომბოზის პათოგენეზში გენეტიკური განწყობის დიდ როლს და ამგვარი მიდგომა სამედიცინო პრაქტიკაში ფართოდ დაინერგოს – ეს საგრძნობლად შეამცირებს სამეანო-გინეკოლოგიურ პათოლოგიებს და თრომბოზული გართულებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას.

  • – რა შეუძლია თავად ორსულს?

– თრომბოფილიები, მათ შორის – ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ერთ-ერთი მართვადი პათოლოგიაა, რომლის დროული და სწორი დიაგნოსტიკა, სათანადო პროფილაქტიკა და მკურნალობა საშუალებას იძლევა, ორსულობამ გაურთულებლად ჩაიაროს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ორსული მინიმალურ ინფორმაციას მაინც ფლობდეს ამის შესახებ.

საყურადღებო ნიშნებია:

•  კიდურების შეშუპება, მათზე გამოხატული ვენური ქსელი ან მიკროსისხლჩაქცევები;

•  არტერიული წნევის მომატება;

•  წინა ორსულობის თვითნებური შეწყვეტა ან მკვდარი ნაყოფი.

– როგორ მკურნალობენ თრომბოფილიას და რამდენად ეფექტიანია მკურნალობა?

– უპირველეს ყოვლისა, კვალიფიციურად უნდა განისაზღვროს, კომპენსირებულია ჰიპერკოაგულაცია (მომატებულია მცირედ, როგორც ეს ახასიათებს ორსულობას და აქ ჩარევა არ არის საჭირო) თუ დეკომპენსირებული (იმდენადაა მომატებული, რომ დაწყებულია ორსულობის გართულებები, რაც ყველაზე მკაფიოდ ჩანს დოპლეროგრაფიული კვლევით, პლაცენტაში სისხლჩაქცევების არსებობით, ნაყოფის განვითარებაში შეფერხებების წარმოქმნით). როგორც კი კლინიკურად გამოვლინდება თრომბოზული გართულებები, რომლებიც დადასტურდება ინსტრუმენტული და ზემოხსენებული ლაბორატორიული კვლევებით, აუცილებელია ანტიკოაგულანტური (ასპირინით) და ანტიაგრეგანტული (დაბალმოლეკულური ჰეპარინი) თერაპიის დაწყება. ეს გახლავთ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის მკურნალობისადმი საბაზისო მიდგომა. მკურნალობა გრძელდება მთელი ორსულობის განმავლობაში და ლოგინობის ხანაშიც.

არ აქვს მნიშვნელობა, რა მექანიზმს უკავშირდება თრომბოფილიის განვითარება – ჰემოსტაზის გენეტიკურ დეფექტებს თუ ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომს; ნებისმიერ შემთხვევაში მის მკურნალობაში ბაზისურ ადგილს ანტიკოაგულანტური თერაპია იკავებს. რაც შეეხება ორსულებს, ანტითრომბოზული პრეპარატები ეფექტიანთან ერთად როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვისაც უსაფრთხო უნდა იყოს. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო ადრე დაიწყება ანტითრომბული თერაპია, მით უკეთესად დასრულდება ორსულობაც.

მარი აშუღაშვილი

კომენტარები

კომენტარი

loading...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here