ორსულობის ადრეული სიმპტომები

0
670

ორსულობის ადრეული სიმპტომები

loading...

თუ ეჭვობ, რომ ორსულად ხარ, ზუსტი პასუხის მიღება მხოლოდ ტესტით ან სისხლის ანალიზით (ქორიონული გონადოტროპინის დონის განსაზღვრა) შეგიძლია. თუმცა არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რომელიც ორსულობის ადრეულ ეტაპზე ხდება შესამჩნევი. ორსულობის ადრეული სიმპტომები ძალიან ჰგავს პმს-ის (პრემენსტრუალური სინდრომი) სიმპტომებს, ამიტომ მათი გამოცნობა ხშირად რთულდება.

გამონადენი და ტკივილი მუცლის არეში

ჩასახვიდან რამდენიმე დღის შემდეგ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მაგრდება საშვილოსნოს ღრუში, რაც ორსულობის ერთ-ერთ პირველ სიმპტომს – გამონადენს და ზოგჯერ მუცლის ქვედა არეში ტკივილს იწვევს. გამონადენს იმპლანტაციის სისხლდენა ეწოდება და განაყოფიერებიდან 6-12 დღის შემდეგ იწყება. ტკივილი ძალიან ჰგავს მენსტრუალურ ტკივილს, ამიტომ ამ სიმპტომების პმს-ის სიმპტომებთან გაიგივება ხშირი შეცდომაა. თუმცა განაყოფიერებით გამოწვეული დენა და ტკივილი სუსტია. სისხლდენის გარდა ზოგჯერ შეიმჩნევა თეთრი ფერის რძის კონსისტენციის გამონადენი, რომელიც ჩასახვისთანავე შეიმჩნევა. გამონადენი, რომელიც ზოგჯერ მთელი ორსულობის განმავლობაში გრძელდება, როგორც წესი, უსაფრთხოა და მკურნალობას არ საჭიროებს. თუ გამონადენთან ერთად უსიამოვნო სუნი და წვის, ან ქავილის შეგრძნება შეიმჩნევა, შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციასთან გვქონდეს საქმე.

მკერდის ცვლილებები

ჩასახვის შემდეგ ქალის ორგანიზმში ჰორმონების დონე სწრაფად იცვლება, რაც მკერდის ზომაში მომატებას, ტკივილს და ქავილის შეგრძნებას იწვევს. ეს სიმპტომი შესამჩნევი ხდება ჩასახვიდან ერთი ან ორი კვირის შემდეგ. მკერდის ცვლილებები პმს-ის ერთ-ერთი სიმპტომია, ან შესაძლოა პოსტკოიტალური კონტრაცეპტივის მიღების შემთხვევაში მისი ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა იყოს.

დაღლილობა

ორსულობის ადრეულ ეტაპზე უჩვეულო დაღლილობის შეგრძნებაც შეიმჩნევა. ამ სიმპტომმა ჩასახვიდან ერთი კვირის თავზე შეიძლება იჩინოს თავი. მიზეზი ჰორმონ პროგესტერონის მომატებული დონეა. თუ დაღლილობა ორსულობითაა გამოწვეული, საჭიროა დასვენება და პროტეინით და რკინით მდიდარი საკვების მიღება.

გულისრევა

დილის გულისრევა ორსულობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმპტომია, თუმცა ის არ არის დამახასიათებელი ყველა ორგანიზმისთვის. ორსულობისას ჰორმონების მომატებული დონე აფერხებს ნაწლავების მოქმედებას, რაც იწვევს გულისრევას. სიმპტომი შეიძლება შესამჩნევი გახდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში და არა აუცილებლად დილით. ხშირად ორსულობისას აღინიშნება სურვილი, ან ზიზღი კონკრეტული საკვების მიმართ. როგორც წესი, გულისრევა მე-13 ან მე-14 კვირის შემდეგ მცირდება ან წყდება.

ამ სიმპტომის გამომწვევი შესაძლოა პოსტკოიტალური კონტრაცეპტივი, ან რეგულარული კონტრაცეპტული აბები გახდეს.

გამოტოვებული პერიოდი

ეს ორსულობის ყველაზე აშკარა სიმპტომია, თუმცა გამოტოვებული პერიოდის გამომწვევი სხვა მრავალი მიზეზიც არსებობს, როგორიცაა: წონის უეცარი ცვლილება, ჰორმონალური პრობლემები, გადაღლა, სტრესი, კონტრაცეპტივები და ა.შ.

ორსულობის სხვა ადრეულ სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • გახშირებული შარდვა – შეიმჩნევა ჩასახვიდან 6-8 კვირის შემდეგ. სხვა შესაძლო მიზეზები: საშარდე ტრაქტის ინფექცია ან დიაბეტი
  • ყაბზობა (ანუ შეკრულობა) – გამოწვეულია პროგესტერონის დონის მატებით
  • ხასიათის ცვლილებები – შეიმჩნევა პირველი ტრიმესტრის დროს
  • თავის და ზურგის ტკივილი
  • თავბრუსხვევა და სისუსტის ეპიზოდები

ორსულობას შეიძლება თან ახლდეს ყველა, ზოგიერთი, ან არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომთაგან. ორსულობის დასადგენად ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია ტესტის გამოყენება, რომელიც მენსტრუალური ციკლის დაგვიანებისას უნდა გაიკეთო. თუ პირველ ცდაზე შედეგი ნეგატიურია, დაელოდე და ერთი კვირის შემდეგ ტესტი გაიმეორე. თუ სწრაფი და ზუსტი პასუხი გჭირდება, სისხლის ანალიზი გაიკეთე. ქორიონული გონადოტროპინის დონის განსაზღვა სისხლში ორსულობის ადრეული დიაგნოზირების საშუალებაა და პასუხს უკვე ჩასახვიდან მეორე კვირაში იძლევა.

კომენტარები

კომენტარი

loading...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here