ორსულობის მე-10 კვირა

0
5776

ორსულობის მე-10 (მეათე) კვირაზე ნაყოფი სულ რაღაც 4 გრამს იწონის; მისი სიგრძე 31–დან 42 მილიმეტრამდე მერყეობს. იგი საშვილოსნოს კედელს ეხება, იმავე წამს შორდება,  თავისუფლად მოძრაობს, თუმცა შენ ამას ჯერ ვერ გრძნობ. იმის მიუხედავად, რომ ნაყოფი დაახლოებით ქლიავის ზომისაა, გაგიკვირდება და მისი სხეულის ნაწილები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემები უკვე ჩამოყალიბებულია. ის ყოველდღიურად, განუწყვეტლივ განაგრძობს ზრდას და ჩამოყალიბებას. დაფეხმძიმებიდან 10 კვირის შემდეგ, ყველაზე რთული – ემბრიონული ეტაპი მთავრდება და  ნაყოფისგანვითარების სრულიად ახალი ეტაპი იწყება. შენ და პაწაწა მართლაც მაგრები ხართ!

ორსულობის მე-10 (მეათე) კვირის გასვლა აუცილებლად აღნიშნე და საკუთარი თავი რაიმე გემრიელი საჭმელით გაანებივრე. ბავშვი კომფორტულად არის მოთავსებული სანაყოფე გარსში, რომელიც ამნიონის სითხით არის სავსე. ბავშვი ყლაპავს ამ სითხეს.

ორსულობის მე-10 (მეათე) კვირას სანაყოფე გარსში სითხის რაოდენობა დაახლოებით 20 მილიგრამია. ამ დროისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები, მათ შორის – თირკმლები, ნაწლავები, ტვინი და ღვიძლი უკვე ფორმირებულია და იწყებენ ჩამოყალიბებას. თუმცა, ბუნებრივია, ისინი განვითარებას განაგრძობენ მთელი ორსულობის განმავლობაში.

საშუალება რომ გქონდეთ და თქვენს პატარას შეხედოთ, აუცილებლად შეამჩნევთ პაწაწინა ფრჩხილებს ხელისა და ფეხის თითებზე, ასევე – ნაზ ღინღლს მის ციცქნა სხეულზე. ნაყოფს უკვე შეუძლია კიდურების მოძრაობა, სახსრებში მოხრა. გარდა ამისა, ჩამოყალიბებული აქვს ყურის ნიჟარები და ზედა ტუჩიც. კარგად ჩანს ხერხემლის მოხაზულობა და მისგან გამომავალი ნერვული დაბოლოებები. შუბლი ჯერჯერობით საკმაოდ მაღალია და შესამჩნევად წინ არის წამოწეული (არ დაგვავიწყდეს, რომ ტვინი ზრდას  განაგრძობს).

ორსულობის მე-10 (მეათე) კვირის მიწურულს, თითქმის ყველა შინაგანი ორგანო და სისტემა აქვს ჩამოყალიბებული, რაც ზრდასრულ ადამიანს გააჩნია. ჩანასახი თანდათან ადამიანის სახეს იღებს. ამის პარალელურად, ქრება კუდი და სხვა წარმონაქმნები; დამახასიათებელ ფორმას იღებს ფილტვები და გულის პარკუჭები. გარდა ამისა, ჩასახვიდან 50 დღის შემდეგ, ნაყოფის ორგანიზმში ფიქსირდება ტვინის იმპულსები. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ტვინის იმპულსების არსებობა უმთავრესი მაჩვენებელია იმისა, რომ ადამიანი ცოცხალია. ეს ფაქტი ჩანასახის ნერვული სისტემის განვითარებაზეც მიანიშნებს. სწორედ აღნიშნული პერიოდიდან იწყება ჩანასახის თავის ტვინის დიფერენცირება და დიდი ნახევარსფეროების ქერქის ჩამოყალიბება.

როგორ იცვლები შენ

ნაყოფის განვითარების ამ ეტაპზე, ულტრაბგერითი ანუ დოპლერის აპარატით შეგიძლია შენი პაწაწას გულისცემის მოსმენა. ბევრი მომავალი დედისთვის, რომელთა ფეხმძიმობა არცთუ მშვიდად და უპრობლემოდ მიმდინარეობს, ამ საოცარი ხმის მოსმენა დიდი შვებაა. ახლა კი, ნებისმიერ დროს შეგიძლია მიხვიდე ექიმთან და დარწმუნდე, რომ ყველაფერი წესრიგშია.

თუ დაფეხმძიმებამდე შენი საშვილოსნო საშუალო ზომის მსხალზე დიდი არ იყო, ორსულობის მე-10 (მეათე) კვირის  ბოლოს უკვე გრეიფრუტს წააგავს. ალბათ, ამჩნევ, რომ შენი ტანსაცმელი აღარ გეტევა, ხოლო მკერდი ყოველ წამს ვარდება ბიუსხჰალტერიდან.

თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს გიწყობს, კარგი იქნება, თუ ფიტნესითა და მსუბუქი ვარჯიშებით დაკავდები. აღარაფერს ვამბობთ ცურვასა და ფეხით სეირნობის მნიშვნელობაზე, რომელიც მთელი ფეხმძიმობის მანძილზე  ზედმეტი 10–15 კილოგრამის ტარებაში გეხმარება. ეს კარგია იმიტომაც, რომ მშობიარობის შემდეგ სწრაფად ჩადგე ჩვეულ ფორმაში.

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here