ორსულობის მე–20 კვირა

0
6079

ორსულობის მე–20 (მეოცე) კვირა!

როგორ იცვლება ბავშვი

ორსულობის მე–20 (მეოცე) კვირა! შენ და ნამცეცამ უკვე გზის ნახევარი განვლეთ! მითუმეტეს, ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო ნახევარი! ამჟამად, ორივეს ერთი ამოცანა გაქვთ –– ეს ნამცეცა გაიზარდოს და ბოლომდე ჩამოყალიბდეს. ორსულობის ამ ეტაპზე ბავშვი დაახლოებით 270 გრამს იწონის. მისი სიგრძე 14–სა და 16 სანტიმეტრს შორის მერყეობს. თუ მოხრილ ფეხებსაც გაშლის, სიგრძე 25 სანტიმეტრს მიაღწევს.

იცი, კიდევ რა არის საინტერესო? თუ ადრე შენი პირმშოს გულისცემას ულტრაბგერითი სტეტოსკოპით ისმენდი, ახლა შენი ოჯახის წევრებს იმავე სიამოვნების მიღება უფრო ადვილად შეუძლიათ, თუ ბებიაქალის მარტივ მილაკს შენი მუცლის წინა კედელს მიადებენ და მიაყურადებენ.

ნაყოფის ფილტვები ფორმირების პირველ ფაზას გადის. 22–ე კვირის მიწურულს კი ისინი პირველ მოძრაობებს შეასრულებენ. ფუნქციონირებას განაგრძობენ ნაწლავები, სასქესო ჯირკვლები და თირკმელები. როგორც სისხლწარმომქმნელი ორგანო, ელენთაც ნელ–ნელა იწყებს მუშაობას. 20 კვირის ნაყოფს ყლაპვის მეტი უნარი აქვს, რაც წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას მისი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. ამავე პერიოდში, თანდათან სახეს იცვლის ნაყოფის მიერ გამოყოფილი შავი მასა –– მეკონიუმი, რაც ჩაყლაპული სანაყოფე სითხის გადამუშავების შედეგს წარმოადგენს. მას საკუთარი თვალითაც იხილავ შენი შვილის დაბადების პირველივე დღეებში და ვინ იცის, რამდენჯერ მოგიწევს მისგან პაწაწინას ფაფუკი საჯდომის გასუფთავება. ზოგჯერ, მეკონიუმი მშობიარობის პროცესშიც გამოიყოფა –– იგი მოსდევს დაღვრილ სანაყოფე წყლებს.

როგორ იცვლები შენ

შენ უკვე მიაღწიე ამ სასიამოვნო და რთული პროცესის, ორსულობისეკვატორს, ანუ ნახევარ გზას. გილოცავთ! ორსულობის მე–20 (მეოცე) კვირას საშვილოსნოს ზედა ნაწილი ჭიპის დონეზეა ასული. იმედია, უხვად იღებ რკინაშემცველ პროდუქტებს. ეს ნივთიერება ხომ ძირითად როლს თამაშობს ჰემოგლობინის გამომუშავებაში. რკინა ჰაერივით ესაჭიროება მზარდ ნაყოფსაც, პლაცენტასაც და ამასვე მოითხოვს სისხლის გაზრდილი რაოდენობაც.

უკვე ჩაეწერე მშობიარობისთვის მოსამზადებელ კურსებზე? აირჩიე, კონკრეტულად სად ივლი… არჩევანი მართლაც დიდია –– დაწყებული შენს გინეკოლოგთან კონსულტაციებით და ფიტნესით, საცურაო აუზით გაგრძელებული და სპეციალური, მოსამზადებელი ცენტრებით დამთავრებული. ნებისმიერ შემთხვევაში, იქ წასვლა ღირს, რათა მაქსიმალურად მოემზადო როგორც ორსულობის დარჩენილი პერიოდისთვის, ისე მშობიარობისა და უკვე დაბადებული, თოთო ბავშვის მოვლისთვის. სჯობს, დროულად მიიღო გადაწყვეტილება და დაიწყო მზადება, თორემ, გამორიცხული არაა, მშობიარობა 36–ე ან 37–ე კვირასაც დაგეწყოს. ასე რომ, ამ ღონისძიებათა დროულად დაწყება გმართებს.

კომენტარები

კომენტარი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here