თანამედროვე სამყაროში იმისათვის, რომ ცხოვრებას ფეხი ავუწყოთ, ხშირად არჩევნის წინაშე ვდგებით და ეს არჩევანი მით უფრო რთულია, როდესაც საქმე ჩვენს შვილებს ეხება. ვინ უნდა გაზარდოს (აღზარდოს) ბავშვი – აუცილებლად დედამ თუ ამ მოვალეობას ძიძაც (ამღზრდელი) სრულფასოვნად გაუმკლავდება?! ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა – ბავშვი უნდა იზრდებოდეს იმ ადამიანთან, ვინც მას შეუქმნის უსაფრთხო გარემოს და ბავშვის მოთხოვნილებები და საჭიროებები სრულად იქნება დაკმაყოფილებული. ეს ყველაფერი იმისათვისაა საჭირო, რომ ბავშვს ჩამოუყალიბდეს სანდო მიჯაჭვულობა (ემოციური კავშირის, რასაც თან ახლავს დაცულობის გრძნობა), ამ უკანასკნელს კი უმნიშნელოვანესი როლი აკისრია ბავშვის სოციალური და ემოციური ქცევის განვითარებაში.
ძიძის აყვანის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ:
- რამდენად ყურადღებიანია;
- რამდენად აქვს ბავშვთან ურთიერთობის გამოცდილება;
- რამდენად საინტერესოდ შეუძლია ბავშვთან ურთიერთობა (თამაშის, ჭამის, ჩაცმა-გახდის, სეირნობის დროს).
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა აუცილებელია გაითვალისწინოთ ძიძის ყოლის პერიოდი და შეარჩიეთ მუდმივი (ერთ ბავშვთან ერთი ძიძა/ამღზრდელი). ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ბავშვს ჩამოუყალიბდეს სანდო მიჯაჭვულობა და მისი სოციალურ/ემოციური კავშირი იყოს სრულფასოვანი. ხშირად გამიგია – ,,ჩემს შვილს ძალიან შეუყვარდა ძიძა და უნდა გავუშვა, არ მინდა ჩემზე მეტად სხვა ქალი უყვარდეს…” და მსგავსი შინაარსის ფრაზები. არავითარ შემთხვევაში!!! ბავშვს უნდა უყვარდეს თავისი ამღზრდელი, უნდა ენდობოდეს მას და თავს დაცულად გრძნობდეს. თუ მას ხშირად შევუცვლით ამღზრდელს (პირადი ეგოიზმის და არა სერიოზული მიზეზის გამო) ამით დაარღვევთ ბავშვის უფლებებს, პატარა გაიზრდება ეჭვიანი, არ ექნება ნდობა ადამიანების მიმართ და შესაძლებელია სხვადასხვა შიშების და ფობიების გამომწვევი მიზეზიც კი გახდეს.
გისურვებთ ყველას პატარა მშვიდ, უსაფრთხო და დაცულ გარემოში გაიზარდოს <3
მაია რაზმაძე / ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი
მინაწერი: დასვით კითხვები, მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემების შესახებ, რაზე ისურვებდით მეტი ინფორმაციის მიღებას.